Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის სიით გასული დეპუტატები ორ ფრაქციაში გადაჯგუფდნენ
Civil.ge
17 January 2017, 14:05

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის გაყოფის და მის საპარლამენტო ფრაქციებში ცვლილებების შემდეგ პოლიტიკური გადაჯგუფება თბილისის საკრებულოში მოქმედ ორ ფრაქციაშიც განხორციელდა, სადაც აქამდე ნაციონალური მოძრაობის სიით გასული სულ 7 დეპუტატი იყო გადანაწილებული. 

ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯნული სამი წევრი  - მამუკა ახვლედიანი, დავით ავალიანი და თამაზ შოშიაშვილი  - საქმიანობას გააგრძელებენ ფრაქციაში ახალი სახელწოდებით „თბილისი“; ხოლო პარტიაში დარჩენილი წევრები - ირაკლი ნადირაძე,  მარინა დათუკიშვილი და თემურ გრიგალაშვილი - ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში იქნებიან წარმოდგენილები.

ამასთან, საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის სიით გასულმა მეშვიდე წევრმა, სევდია უგრეხელიძემ ამ ეტაპზე არცერთ ფრაქციაში გაწევრიანება არ ისურვა და 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატად რჩება, „ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას“. მან „საწყენი“ და „გაუგებარი“ უწოდა, საერთო იდეოლოგიის და ამოცანების მიუხედავად, „ტაქტიკური განსხვავებების ან პიროვნული შეუთავსებლობის გამო“ პარტიის დანაწევრებას. 

იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის ბიურომ 16 იანვარს ცნობად მიიღო ნაციონალური მოძრაობის  ორი ფრაქციის სახელწოდებისა და ერთში ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის გაყოფიდან მეორე დღეს, 13 იანვარს  ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯნული დეპუტატების 20-წევრიანმა ჯგუფმა მიიღო, რომლებიც ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას გეგმავენ.

ეს ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილმა დეპუტატებმა, რომლებიც  ფრაქციებში ფორმალურად ისევ რჩებიან და ყოფილ თანაგუნდელებს აქამდე ნაციონალური მოძრაობის სახელით და ახლა უკვე „ევროპული საქართველოს“ სახელწოდებით მოქმედი 21-წევრიანი ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ მათი მიმართვა, რომ არ ეღიარებინათ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უგულვებელყო.

აქვე, მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ფრაქციის შექმნას, რისთვისაც მინიმუმ 6 დეპუტატის ერთობაა საჭირო, რაიმე სამართლებრივი დაბრკოლებები არ შეექმნება.

მას მხედველობაში პარლამენტის რეგლამენტის ის ჩანაწერი ჰქონდა, რომელიც ამბობს: „ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი“.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტის ეს მოთხოვნა ხელს ვერ შეუშლის ნაციონალური მოძრაობაში დარჩენილ დეპუტატებს ფრაქციის ფორმირებაში, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა არა დამოუკიდებლად, არამედ ორპარტიული ბლოკის ფორმით.

ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების შედეგად 27 პროპორციული მანდატი ბლოკის სახით მოიპოვა ნაკლებად ცნობილ პარტიასთან „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად წარდგენილი საარჩევნო სიით. ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯნული წევრები „ევროპულ საქართველოს“, რომელმაც საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრის ადგილიც მიიღო, თავის პოლიტიკურ პლატფორმად იყენებენ.

ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი წევრები ახალი ფრაქციის შექმნის მოთხოვნას უახლოეს ხანში დააყენებენ. დაგეგმილ 6-წევრიან ფრაქციაში, როგორც ბოკუჩავამ 17 იანვარს civil.ge-ს განუცხადა, მასთან ერთად შევლენ დეპუტატები ნიკა მელია, რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი. რამდენიმე დღის წინ დეპუტატების ეს ჯგუფი კიევში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და საპარლამენტო გადაჯგუფებასთან ერთად 20 იანვარს ნაციონალური მოძრაობის ყრილობისთვის მზადების საკითხები განიხილა.  

როგორც ჩანს, არცერთ ჯგუფს არ შეუერთდება დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომლის განცხადებაც ფრაქცია „ევროპული საქართველოდან“ გასვლისა და უმცირესობაში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩენის თაობაზე 16 იანვარს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო. 

პარლამენტში უმცირესობის სტატუსს ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯნული დეპუტატები ინარჩუნებენ. ნაციონალური მოძრაობაში დარჩენილი დეპუტატების მოსალოდნელი გამოყოფის შედეგად, უმცირესობაში 21 დეპუტატი დარჩება. 

 

ამავე თემაზე

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას სახელწოდება და ხელმძღვანელი შეეცვალა 
სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან „განდგომილებზე“
ნაციონალური მოძრაობა გაიყო
გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა
ნაციონალური მოძრაობის ნაწილი მოახლოებული ყრილობის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოახლოებასთან ერთად შიდაპარტიული კრიზისი ღრმავდება
ნაციონალური მოძრაობა ახალი თავმჯდომარის არჩევაზე შეუთანხმებლობის ფონზე ფართომასშტაბიან ყრილობას იანვარში გეგმავს
სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობის ‘1-2 ახირებულ პერსონაჟთან, ვინც გამოგვიწერა დამარცხებები, არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს’
შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე ნაციონალური მოძრაობა ყრილობისთვის ემზადება

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი